პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თანაპარტიელ ნიკა გვარამიასთან ერთად, უცხოეთში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა.
მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ არც ახლა და არც მომავალში დავით კეზერაშვილთან შეხვედრას არ გეგმავს.
„ოცნების პარტიული ტელევიზიები, რომლებიც მოქმედებენ სუს-ის პირდაპირი დავალებით, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ნიკა გვარამია და მე ქვეყნის გარეთ ვხვდებით დავით კეზერაშვილს.
დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია, დიდი ხანია, ცნობილია, რაც უფრო შორს იქნება ქართული პოლიტიკისგან, მით უკეთესი ქვეყნის მომავლისათვის.
ქვეყნისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში მორალური უპირატესობის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
პოლიტიკა საჯარო საქმედ რომ მიგვაჩნია, რომელიც კულუარული გავლენებითა და ფულით არ უნდა იმართებოდეს, ამიტომ შევქმენით პარტია „ახალი“.
არავითარ შეხვედრას მასთან არცერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვგეგმავ, არც ახლა და არც მომავალში“, – წერს მელია სოციალურ ქსელში.