ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კახა კალაძე: სანქციების არავის ეშინია

ეს არის უბრალოდ შანტაჟისა და მუქარის ენა, - ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ.

კალაძის შეფასებით, სანქციების დაწესების არავის ეშინია.

„არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, იმიტომ, რომ პარტნიორებს, მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ჩვენ თუ გვინდა მართლა მეგობრობა, პარტნიორობა, კარი ღია არის, არავინ შეზღუდული არ არის ამ მიმართულებით, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის ეშინია ამ სანქციების და არანაირი პრობლემა არ იქნება ამ თვალსაზრისით, თუმცა წარმოუდგენელია ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული რის გამო? იმის გამო, რომ შენს ქვეყანაში შენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები იღებენ კანონს მის ქვეყანაში, რისი პირდაპირი ვალდებულებაც არის. ამის გამო დასანქცირდნენ ადამიანები? წარმოუდგენელი მგონია ეს ყველაფერი, თუმცა ისეთი უსამართლობა ხდება დღეს მსოფლიოში, გასაკვირი არაფერი იქნება", - განაცხადა კალაძემ.

Politico-ს სცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ. გამოცემის მტკიცებით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „მზარდად და სამწუხაროდ ადგას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების პოლიტიკას“.