ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიგა ბოკერია: ივანიშვილსა და მის გარემოცვას ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ერთი გზით ესმით - ჩვენს მტერთან იდეოლოგიური და ფაქტობრივი შეკვრით

ივანიშვილსა და მის გარემოცვას ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ერთი გზით ესმით, ჩვენს მტერთან იდეოლოგიური და ფაქტობრივი შეკვრით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ დღეს, როდესაც ევროპული გზა გახსნილია, სრული კონცენტრაცია ამ ეროვნულ ამოცანაზე მოხდეს.

„ერთ მხარეს გვაქვს გზა, სადაც საქართველო დასავლური ქოლგის ქვეშ იქნება დაცული, მიაღწევს ეკონომიკურ კეთილდღეობას და თავისუფალ სამყაროში თავისუფალ გადაადგილებას, ხოლო მეორე მხარეს ივანიშვილის რეჟიმის გზა - ჩვენს მტერთან შეკვრა, საქართველოს იზოლაცია, უფსკრულში გადაჩეხა და თაობების გაწირვა, როგორც უკვე აქამდე რამდენიმეჯერ მოგვივიდა. 90-იანებში არ ჰყავდა საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც უნდოდა ან შეეძლო ჩვენი ეროვნული ინტერესების შესრულება, რის გამოც ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთისგან განსხვავებით, ჩვენ უკრაინასთან ერთად ეს შანსი ხელიდან გავუშვით. სწორედ ამ გაშვებული შანსის ფასს ვიხდით და გადავიხადეთ ჩვენ და უკრაინამ ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. მთელი ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ დღეს, როდესაც ეს გზა ხსნილი გვაქვს, სრული კონცენტრაცია ამ ეროვნულ ამოცანაზე მოხდეს.

კონგრესმენების განცხადებებში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ანტიდასავლურ კურსს თუ შეიცვლის, მოცემული შესაძლებლობები იარსებებს, ხოლო სხვა შემთხვევაში, ისინი თავისუფალი სამყაროსა და საქართველოს მტრებად აღიქმებიან და რეაგირებაც შესაბამისი იქნება. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ რეჟიმს თავისი ბუნებით ამ კურსის შეცვლა არ შეუძლია. რომც არ მოგვესმინა დღეს მათი პასუხები და ისევ რაიმე ბუნდოვანების შემოტანა ეცადათ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც აქამდეც უქნიათ, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მათ ამ ამოცანების შესრულება არ შეუძლიათ. ივანიშვილს და მის გარემოცვას ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ერთი გზით ესმით, ჩვენს მტერთან იდეოლოგიური და ფაქტობრივი შეკვრით“, - აღნიშნა ბოკერიამ.

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, აშშ განიხილავს საქართველოსთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებათა კუთხით უკან დახევას.