ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ეწვევა

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, სვენ გიგოლდი 7 მაისს საქართველოს ეწვევა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. მასთან ერთად საქართველოში გერმანული კერძო კომპანიების დელეგაციაც ჩამოვა.

ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მდივანი, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში გამართავს.

შეხვედრებზე ისაუბრებენ ევროკავშირთან დაახლოებისთვის საქართველოს ძალისხმევის, გერმანიის მხარდაჭერისა და ამასთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ, ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ტურიზმი, ვაჭრობა და ინვესტიციები (მაგ. საჰაერო მიმოსვლა, გადახდის ოპერაციები, როუმინგი).

საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტით სვენ გიგოლდს სურს, განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატოს საქართველოს მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

„საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს კურსი და გადადგას სწრაფი ნაბიჯები შეთანხმებული რეფორმების განსახორციელებლად. საქართველოს საზოგადოება მზად არის ევროკავშირისთვის. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ გვსურს, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. გერმანიის ფედერალური მთავრობა აძლიერებს გერმანულ კომპანიებს მათი საქმიანობისას რეგიონში და ამით აძლევს დადებით იმპულსს რეფორმების განხორციელებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“, - განაცხადა სვენ გიგოლდმა.

საელჩოს ინფორმაციითვე, გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტრო ეხმარება საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო ინსტრუმენტებით (ექსპორტის საკრედიტო გარანტიები, საინვესტიციო გარანტიები, ევროკავშირის ტვინინგის პროექტები, პარტნიორობა ადმინისტრაციულ დარგში, პროგრამა „პარტნიორობა ბიზნესში გერმანიასთან“). მათივე ცნობით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბაზრის გაფართოების პროგრამის ფარგლებში ხდება მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა უცხოურ ბაზარზე შესვლისას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის ჩართულობის ინიციატივაში“,- ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.