„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ეთანხმება ალტერნატიული ოპოზიციური ცენტრის ჩამოყალიბებას, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.
როგორც ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ალტერნატიული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით უკვე გადადგმულია ნაბიჯები, თუმცა მეტ დეტალს ჯერ ვერ გაამხელს.
„მე არ ვეთანხმები ერთიანი [ოპოზიციური] სიის იდეას. მე ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის შექმნის იდეას. ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება. არ მინდა ასოცირებული ვიყო იმ ძალასთან, ვინც ბოლო ოცი წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე. ეს იქნება ცენტრი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, სხვა პროდასავლური ოპოზიციური ძალების ენმ-სთან გაერთიანება საჩუქარი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.
მამუკა ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პოზიტიურად უყურებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლს საარჩევნო პროცესში. ხაზარაძის აზრით, სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს მნიშვნელოვან როლს კონსოლიდაციისკენ მიმართულ პროცესში.
„პროევროპული ძალების გაერთიანების დრო დადგა“, - დასძინა ხაზარაძემ.