საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონი ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა რეგულაციების სიმკაცრით.
პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამგვარი ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში
„FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია "ფორმულა". ალბათ, ეს მაინც არ არის სადავო, რომ არც ერთი და არც მეორე, ღმერთის წყალობით, უკვე 12 წელია აღარ არიან საქართველოს „მთავრობის სახელით მოქმედი პირები".
სწორედ ამგვარი ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში.
გვახსოვდეს, რომ გამჭვირვალების ქართული კანონი ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა რეგულაციების სიმკაცრით - არ ეხება ფიზიკურ პირებს, არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ა.შ.“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკული „ფარა“ ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ. მისივე თქმით, ეს განსხვავებული რამ არის.