ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საია: 21 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა, უცნობია, ჩატარდა თუ არა მათთან გასაუბრებები

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 მოსამართლე 15 ხმით უვადოდ გაამწესა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  და აღნიშნავს, რომ უცნობია, ჩაატარა თუ არა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ მოსამართლეებთან გასაუბრებები, რასაც პროცედურა ითვალისწინებს.

„მე-4 საორგანიზაციო საკითხი, რომელიც ბუნდოვანი იყო, როგორც მდივანმა სხდომაზე განმარტა მოიცავდა უზენაესი სასამართლოს კონკურსში მონაწილე კანდიდატების შემდგომ ეტაპზე გადაყვანის პროცედურას და ასევე, სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლეების უვადოდ გამწესებას.

გარდა ამისა, იუსტიციის საბჭომ 15 ხმით უვადოდ გაამწესა 21 მოსამართლე. სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მოულოდნელი იყო უვადოდ დასანიშნ მოსამართლეების კენჭისყრა, ვინაიდან, პროცედურა ითვალისწინებს სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ კანდიდატებთან გასაუბრებას. ამ მოსამართლეებთან გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად უცნობია ჩატარდა თუ არა საერთოდ გასაუბრებები და თუ ჩატარდა რატომ არ მიეცა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მონიტორინგის შესაძლებლობა.

საბჭოს მდივნის ზეპირი განკარგულებით სადამკვირვებლო ორგანიზაციებს წარმომადგენლებს შენობის ფოიეში მოცდის შესაძლებლობა აღარ ეძლევათ და დამამცირებელ პირობებში შენობის შესასვლელ კარებსა და ტურნიკეტს შორის უწევთ სხდომის დაწყების ლოდინი“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ. ინფორმაციას ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი" ავრცელებს. 21-ვე მათგანის დანიშვნას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.