12 არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის ცხელ ხაზზე ამ დროისთვის 300-მდე შეტყობინებაა შესული, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს სამართალდარღვევებს ეხება.
იურისტების ინფორმაციით, სახელმწიფო აქციის მონაწილეებს რამდენიმე სახის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება. მათ შორისაა 166-173 მუხლებით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობა.
TV24 ამ საკითხზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარ იურისტსა და პროექტის კოორდინატორს, თეო ზაქარაშვილს ესაუბრა.
„მესამე და ყველაზე ახალი პრაქტიკა, რომლის დამკვიდრებასაც ახლა ცდილობენ ეს არის 174 მუხლის პირველი პუნქტის მეოთხე ნაწილი, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას - შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის დარღვევას გულისხმობს.
ყოველ ჯერზე ყველა პირი, ვისი პასუხისმგებლობაც სასამართლოში დადგა, დაჯარიმდა, ამასთან, არცერთ შემთხვევაში მსუბუქი პასუხისმგებლობა, სიტყვიერი შენიშვნა არ ყოფილა გამოყენებული. გამოდის, რომ 100-დან 100 შემთხვევაში სახელმწიფო და თითოეული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მართალია. როგორ შეიძლება 100-დან 100 შემთხვევაში სიმართლე იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარეს? ეს მხოლოდ ფორმალურად არის სასამართლო პროცესი. თუ თქვენ ნახავთ სხდომებს, იოლად შეამჩნევთ, რომ მოსამართლე და შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკულად ერთი მხარეა. სასამართლო არ გვაძლევს სათანადო დროს მტკიცებულებების წარსადგენად, არ გვაძლევს შანსს, გადაიდოს სხდომები, შეფასების დროს საერთოდ არ ეყრდნობა ჩვენ მიერ მიტანილ მტკიცებულებებს.
ერთი, რაც წინა პროცესებისგან (ამ პროცესებს) განასხვავებს, არის ის, რომ ძალიან ჩქარობენ. სწრაფი ტემპით უნდათ, რომ რაც შეიძლება მეტი დაჯარიმდეს და რაც შეიძლება მეტი პირი იყოს ცნობილი სამართალდამრღვევად. ეს სიჩქარე ნათლად აჩვენებს რომ სახელმწიფოს პოზიცია და სახელმწიფოს სურვილია, დაისაჯნენ აქტივისტები - ადამიანები, ვინც პროტესტის სხვადასხვა ფორმას იყენებს“, - ამბობს იურისტი.