ჩვენზე შანტაჟის ენა ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რათა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მივიღოთ - პირიქით, საზოგადოებაში უსამართლობის გრძნობა გამწვავდება ,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ასე იქცევიან არა მეგობრები, არამედ ბატონები.
„როცა სანქცირების საფუძველს, დასაბუთებას ვკითხულობდი, დასახელებული იყო ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს. როცა ცხრა წლის განმავლობაში ეს კრიმინალური სინდიკატი იყო ხელისუფლებაში, სწორედ რომ ისინი უთხრიდნენ ძირს ქართულ დემოკრატიას, მოქალაქეებს აწამებდნენ და ხოცავდნენ. სტრასბურგის სასამართლოს ეს კრიმინალური სინდიკატი ასზე მეტ საქმეზე ჰყავს გასამართლებული და როცა ამის შემჩნევა არ ხდება და ახლა დემოკრატიის სახელით ვინმესთვის სანქციის დადება უნდათ, ეს მათ კეთილსინდისიერებაზე იყოს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.