ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საქართველოში ახალშეძენილი იარაღის რეგისტრაცია გაურკვეველი ვადით შეჩერებულია 

საქართველოში ახალშეძენილი ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია ორ კვირაზე მეტია, შეჩერებულია. შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზის ინფორმაციით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. იარაღის რეგისტრაციის პროცესში არსებულ შეფერხებაზე ინფორმაცია სააგენტოს ვებსაიტზე და უწყების გვერდზე სოციალურ ქსელებში არ იძებნება.

სააგენტოს ცხელ ხაზზე ,,რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ იარაღის გაფორმება 11 მაისის შემდეგ შეჩერებულია გაურკვეველი ვადით.

მათივე ინფორმაციით, არც სააგენტოს ცხელ ხაზზე და არც უწყების პრესსამსახურში უფრო კონკრეტულად არ განმარტავენ, რა სახისაა ტექნიკური პრობლემა და რა კვალიფიკაციის ჯგუფი მუშაობს მის აღმოფხვრაზე. პრესსამსახურში ვერც პრობლემის მოგვარების ვადას ასახელებენ და მხოლოდ იმას გამორიცხავენ, რომ იარაღის რეგისტრაციის შეფერხება რაიმენაირად იყოს დაკავშირებული მიმდინარე პროტესტთან.

საქართველოში იარაღის რეგისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს - სწორედ იქ მიდის მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობით, იარაღის ყიდვის დამადასტურებელი ინვოისით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობით და ირეგისტრირებს ახალნაყიდს ან იფორმებს ნაჩუქარ იარაღს - ჩუქების შემთხვევაში, სააგენტოში მიდის ორივე, როგორც მჩუქებელი, ასევე ის ადამიანი, ვინც ამ იარაღის მფლობელი ხდება. რეგისტრაციამდე ახალნაყიდი იარაღი ინახება მაღაზიაში.