ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მეგობარმა ქვეყნებმა უკრაინას არ უნდა აუკრძალონ მათ მიერ წარმოებული იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დასარტყმელად.
მისი თქმით, ამგვარი დათქმები ომში მყოფ ქვეყანას თავდაცვითი ამოცანების შესრულებას კიდევ უფრო ურთულებს.
პარალელურად, ნატო-ს გენმდივანმა ევროპულ ქვეყნებს საყვედური უთხრა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების არასათანადო ტემპებთან დაკავშირებით.
მან ხაზი გაუსვა, რომ ორგანიზაცია და მისი წევრები ყველანაირად ზურგს უმაგრებენ უკრაინას, იქნება ეს წვრთნები, იარაღის მიწოდება თუ სადაზვერვო ინფორმაციები, მაგრამ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციასთან უშუალო დაპირისპირება თავიდან იყოს აცილებული, ნატო საკუთარ ქვედანაყოფებს უკრაინაში არ გაგზავნის.