ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სენატორი კარდინი: საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვაზე ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად ვმუშაობთ

სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ,,ამერიკის ხმასთან" აფასებს.

სენატორი აცხადებს, რომ საქართველოში შექმნილ სიტუაციას როგორც კონგრესის ორივე პალატაში, ისე ბაიდენის ადმინისტრაციაში განიხილავენ. ამასთან კარდინი განმარტავს, რომ ,,აგენტების შესახებ" კანონი ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზეზია.

,,ჩვენ ყველანი ვუყურებდით საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისკენ, ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, ფაქტს, რომ ის რუსეთისგან დისტანცირებას ახდენდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია. ჩვენთვის, ყველასთვის რთულად გასაგებია, რატომ უნდა მიეღო საქართველოს მთავრობას პუტინის სტილის კანონი, რომელიც აშორებს საქართველოს დემოკრატიისგან და ევროპისგან და რომელიც აშორებს მას ქართველი ხალხის ნებას. ის უკიდურესად მტრულადაა განწყობილი თავისუფალი მედიის და დემოკრატიული სახელმწიფოს ქმედებებისადმი.

მე უკვე ვთქვი, რომ საქართველოს ეს ნაბიჯი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზეზია. ჩვენ უნდა გადავხედოთ ურთიერთობებს - ის არასწორი მიმართულებით ვითარდება, ესაა ის, რაც არ უნდა მოხდეს და რაც ქართველ ხალხს არ სურს.

ამ ქმედებას შედეგები მოჰყვება. ჩვენ ძალიან კარგად დავაკვირდებით და განვიხილავთ საქართველოში შექმნილ სიტუაციას როგორც კონგრესის ორივე პალატაში, ისე ბაიდენის ადმინისტრაციაში. არ არსებობს უთანხმოება იმაზე, რომ ეს არასწორია, ეს უნდა შეიცვალოს. საქართველოს მომავალი რუსეთში არაა, საქართველოს მომავალი დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ევროპაშია",- აღნიშნა სენატორმა.

ამასთან კარდინი ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.

,,ჩვენ არ გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობის ეს ქმედება ქართველი ხალხის ნებას ასახავს. როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ჩვენთვის სიტუაცია ძალიან ნათელი იყო და გავიაზრეთ ის საშიშროება, რომელსაც რუსეთი საქართველოს უქმნიდა. 

ჩვენი ქმედებები მიმართულია დამოუკიდებელი საქართველოსკენ - საქართველოსკენ, რომელსაც შეუძლია ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაცია და სამომავლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა. გვინდა, რომ მათი პარტნიორები ვიყოთ. ვიყავით კიდეც მათი პარტნორები და ურთიერთობების გაღრმავება გვსურს. მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ საქართველოს მთავრობა ისეთ ქმედებებს ჩაიდენენ, რაც ქვეყანაში შეზღუდავს სიტყვის თავისუფლად გამოხატვას, დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობას, რაც შეუზღუდავს საზოგადოებას თავიანთი ხმის დაფიქსირებას ქვეყნის პოლიტიკასთან მიმართებით - ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშაა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო და ის მიჰყვება ბატონი პუტინის რუსეთის მაგალითს.

ჩვენ არცერთ ქვეყანას არ მოვუწოდებთ, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ქვეყნის შიგნით, მაგრამ ჩვენ კომენტარს გავაკეთებთ თუ ვიფიქრებთ, რომ ისინი იმ მიმართულებით მიდიან, რაც იმ ღირებულებების საწინააღმდეგოა, რისიც ჩვენ ყველას გვჯერა. ვფიქრობთ, რომ საქართველოს ვეხმარებით, ვეძებთ კონსტრუქციულ გზას ამის გასაკეთებლად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა განსაკუთრებულად რთულ პერიოდებში. ჩვენ საქართველოს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესსა და დემოკრატიაში ინვესტიცია ჩავდეთ",- აცხადებს სენატორი.

,,ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში კარდინი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს პოლიტიკაში ერევა.

,,თუ საქართველოს პოლიტიკაში ჩარევას გამოიკვლევთ, ნახავთ, რომ ამას რუსეთი აკეთებს. რუსეთი ეცადა, რომ აღედგინა თავისი ძალაუფლება საქართველოზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ერთ დროს რუსეთის გავლენის ქვეშ იყო, ისინი ცდილობენ ეს ისევ გააკეთონ.

აშშ-მ საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო იმაში, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის კავშირები გამყარებულიყო. სულ რამდენიმე წლის წინ ვნახეთ, რომ საქართველომ არნახული წინსვლა განიცადა დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და ევროპასთან ინტეგრაციაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა იქ გადაწყვეტილებების მიღებაში რუსეთი გარედან ერევა. ამის მთავარ მაგალითად კი გვესახება პუტინის რუსეთის სტილის "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის კანონი", რომელიც ართულებს, თუ საერთოდ შეუძლებელს არ ხდის, რომ საქართველოში ხალხის ხმა გაიგონონ. ეს გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე, ნამდვილად ახდენს ზეგავლენას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე და როგორც საქართველოს მეგობრები, ვეცდებით, რომ ის სწორ გზაზე დავაყენოთ",- განაცხადა სენატორმა.