9-12 მაისს, სტამბოლის საერთაშორისო ტურნირზე, თითოეულ წონით კატეგორიაში პარიზის ოლიმპიადის დარჩენილი 3-3 საგზური გათამაშდება.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, პირველები ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ და საქართველოს ნაკრები ლიცენზიის მოპოვებას ხუთ წონაში შეეცდება:
60 კგ – ფრიდონ აბულაძე
67 კგ – რამაზ ზოიძე
77 კგ – იური ლომაძე
87 კგ – ლაშა გობაძე
130 კგ – იაკობ ქაჯაია
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შეჯიბრება 9 მაისს დაიწყება და იმავე დღეს გამოვლინდებიან ფინალისტები, რომლებიც მაშინვე გაინაღდებენ ლიცენზიებს.
10 მაისს კი ბრინჯაოს მედლებისთვის გაგრძელდება ბრძოლა და ბოლოს, თითოეულ წონით კატეგორიაში ეგრეთ წოდებული „ბრინჯაოს ფინალები“ შედგება.
მესამე ადგილზე გასული მოჭიდავეები ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მხოლოდ ოთხ ქართველ მოჭიდავეს აქვს მოპოვებული - ბერძნულ-რომაულში რობერტ კობლიაშვილს, თავისუფალ ჭიდაობაში კი გოდერძი ძებისაშვილს, გივი მაჭარაშვილსა და გენო პეტრიაშვილს.