გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ, მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისკენ და თავისუფლება მოპოვებული სახელმწიფოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საზოგადოებას, განსაკუთრებით კი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს.
მისი თქმით, ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება საზოგადოდაა აღიარებული.
„სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ტრადიციები, სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის წარმომადგენლების მიერ გამდიდრებული იდენტობა, ტოლერანტობა და მრავალწლოვანი კულტურა წარმოადგენს ჩვენი სამშობლოს სიძლიერის საფუძველთა საფუძველს. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, „ეროვნული მოძრაობის“ თავკაცები, მათ უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენაში. დიდება მათ ხსოვნას. ეს დღე მინდა განსაკუთრებით მივულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს. თქვენი მხედრული სულისკვეთება და მაღალი პროფესიონალიზმი არის ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის ფარი. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება საზოგადოდ არის აღიარებული. საქართველოს თავდაცვის ძალები ურთიერთთავსებადობის თვალსაზრისით მოწინავეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასპირანტ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის. ეს აღიარება მაღალი პროფესიონალიზმის და უდიდესი თავგანწირვის ფასად არის დამსახურებული“, - განაცხადა ჩიქოვანმა.