ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კობახიძემ პრეზიდენტი ღალატში დაადანაშაულა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, არმიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა.

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება შეძლო.

,,გასული 34 წლის მანძილზე, საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა. გამოვიარეთ სამი ომი 90-იანი წლების დასაწყისში. 2004-2012 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა, ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა და მეოთხე ომი. საზოგადოების გამოუცდელობა და პოლიტიკოსების ღალატი ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დროებით დაკარგვად დაუჯდა. 2012 წლიდან დღემდე, გამოვიარეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევის არაერთი მცდელობა, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო, ხოლო ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს. სწორედ ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა“, - განაცხადა პრემიერმა.