საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბულგარეთში, სოფიაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მიხაილ შერბას შეხვდა. ინფორმაციას ,,ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ,,აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.
„მიხაილ შერბამ ღრმა შეშფოთება გამოხატა უცხოური აგენტების კანონის შესახებ, რაც ხელს უშლის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას",- აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
25-27 მაისს, ბულგარეთში, სოფიაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იმართება. სესიის განმავლობაში, ნატოს 32 წევრი ქვეყნის 281 პარლამენტის წევრი, 25 პარტნიორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, ისაუბრებენ ევროატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, უკრაინის მხარდაჭერაზე და ივლისის ნატოს ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებზე.