ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლუსი პოტუჩკოვა: სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ეუთო-ს ყველა წევრისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მთავარი ვალდებულებაა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე,  ლუსი პოტუჩკოვა თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ასამბელის წევრები თვალს ადევნებენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, დაშინებისა და ძალადობის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას შეშფოთებით განიხილავენ.

„ჩვენი ასამბლეის წევრები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, დაშინებისა და ძალადობის შესახებ ნებისმიერი ცნობა შეშფოთებით განიხილება. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ეუთო-ს ყველა წევრისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მთავარი ვალდებულებაა, რათა უზრუნველყოფილი იყო დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ყველა პრინციპის დაცვა. ჩვენი ასამბლეა ყოველთვის ერთგული იყო ამ ძირითადი უფლებების დაცვისა და იმ ღირებულებების შენარჩუნების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებებს“,-განაცხადა პოტუჩკოვამ.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სექტორის მუშაობა აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების წინსვლისთვის და ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად და დამოუკიდებლად ფუნქციონირების სივრცეზე, შემაშფოთებელია და საჭიროებს გულდასმით შემოწმებას.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა რომ ზომები, რომლებიც მიმართულია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებისკენ, უნდა იყოს დაბალანსებული სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობისა და ავტონომიის დაცვის საჭიროებასთან.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ გააგრძელებს მხარდაჭერას და დაეხმარება საქართველოს ძალისხმევაში, გააძლიეროს დემოკრატიული მმართველობა და ადამიანის უფლებების დაცვა.