ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საგარეო უწყება საფრანგეთის განცხადებაზე: არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას

მივესალმებით, რომ საფრანგეთის საგარეო უწყება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება, თუმცა ვწუხვართ, რომ უწყების განცხადება მოკლებულია ობიექტურობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში აცხადებენ, რომ არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას.

„საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ.

მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა, ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ.

არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება“, - აცხადებენ უწყებაში.

საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა, რომ „საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში ვითარებას, გმობს ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება“.