ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიორგი კვირიკაშვილი: ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს.

როგორც კვირიკაშვილი განმარტავს, ის დიდ შეცდომად თვლის ხელისუფლების მხრიდან მთელს დასავლეთსა და ე.წ. „ომის პარტიას" შორის ტოლობის ნიშნის დასმას და დონორული პროექტების განმახორციელებელი ყველა ორგანიზაციის უცხო ძალის ინტერესის გამტარებლად წარმოჩენას.

ამასთან, კვირიკაშვილი განმარტავს, რომ „ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი ნაბიჯების ერთ-ერთი და გარდაუვალი შედეგი იქნება დასავლეთთან საქართველოს დაახლოების ფლაგმანის როლის გადაბარება ოპოზიციისთვის.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნება” გულმოდგინედ ცდილობს, რომ გააქროს შუა სივრცე და საზოგადოება გაყოს ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან დაკავშირებული რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებად, არადა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებმაც ცნობილი კანონპროექტი და “ოცნების” თანდართული რიტორიკა ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობად შეაფასეს და რომელთა მიმართაც გასულ ღამეს გამოყენებული იქნა შეუსაბამოდ უხეში ძალა, არცერთი პოლიტიკური პარტიის მოწოდებას არ გამოუყვანია ქუჩაში.
„ოცნების” ბოლოდროინდელი ნაბიჯების ერთ-ერთი და გარდაუვალი შედეგი იქნება დასავლეთთან საქართველოს დაახლოების ფლაგმანის როლის გადაბარება ოპოზიციისთვის; არადა “ოცნების” გუნდმა, რომელთა მცირე ნაწილიც დღემდე რჩება ხელისუფლებაში, წინა წლებში მიაღწია იმას, რომ გახდა პატივსაცემი პარტნიორი ყველა მეგობარი სახელმწიფოსთვის (დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც), და ყოფილი ხელისუფლების როგორც დასავლეთისთვის შესაძლო ალტერნატიული პარტნიორის, სივრცე დრამატულად უმნიშვნელომდე დაიყვანა. დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ ყოველივე ეს ნამდვილად არ ყოფილა მიღწეული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაკნინების ხარჯზე - პირიქით, საქართველოს ინტერესების დასაცავად დიდი ქვეყნების წარმომადგენლებთან მწვავე და გახსნილი საუბრები ადრეც ხშირად გვქონია, ოღონდ არა საჯაროდ და არა რუსეთის ხელისუფლების გასახარად.
დიახ, გეოპოლიტიკური კონიუნქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ხელისუფლების დღევანდელი რიტორიკის უკან ზოგ შემთხვევაში დგას ანგარიშგასაწევი არგუმენტები; დიახ, სამხედრო სამრეწველო კომპლექსების ძლიერი ზეგავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ძალები ნამდვილად არსებობენ მთელს მსოფლიოში და ამის უარყოფა ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობის მხრიდან დიდი ფარისევლობაა; დიახ, არასამთავრობო ორგანიზაციების მცირე ნაწილსა და პოლიტიკურ ძალებს შორის ზღვარი წაშლილია; დიახ, ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო ფასეულობების თავსმოხვევა ღია პროპაგანდით არასწორად კვალიფიცირდება ადამიანის უფლებების დაცვად; დიახ, ვეტინგის სისტემა, რომელსაც ასე დაჟინებით გვთავაზობს დასავლეთი ჩემთვისაც მიუღებელია და ძირეული ცვლილებები, რომლებიც უდავოდ სჭირდება ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას, საქართველოს მოქალაქეების განსასაზღვრია, ისევე როგორც არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საპასუხოდ, ხაზს ვუსვამ, პოლიტიკური განაჩენის გამოტანის ექსკლუზიური უფლება უნდა აღსრულდეს ქართველი ამომრჩევლის ნებით და არა უცხოური სანქციების დაწესებით და ა.შ.
მიუხედავად ყოველივე ამისა, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა მაინც უალტერნატივოდ გადის მჭიდრო ინტეგრაციაზე დასავლეთთან, სადაც საქართველოს თვითმყოფადობა და ტრადიციები უფრო დაცვადი (და არა ავტომატურად დაცული) იქნება. შესაბამისად, დიდ შეცდომად ვთვლი ხელისუფლების მხრიდან მთელს დასავლეთსა და ე.წ. "ომის პარტიას" შორის ტოლობის ნიშნის დასმას და დონორული პროექტების განმახორციელებელი ყველა ორგანიზაციის უცხო ძალის ინტერესის გამტარებლად წარმოჩენას. მთავრობის მიერ დეკლარირებული გამჭვირვალობის ამოცანების გადაჭრა აბსოლუტურად მიღწევადი შეიძლებოდა ყოფილიყო საზოგადოებაში ამ მასშტაბის დაპირისპირების გარეშე - არსებულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებებით, ან თუნდაც ახალ კანონმდებლობაში უფრო კორექტული ფორმულირებებით.
ამის საპირისპიროდ, ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა:
ა) არჩევნებზე ოცნების მომხრე დასავლეთთან დაახლოების მოსურნე ელექტორატის მნიშვნელოვნად შემცირებით;
ბ) დასავლეთთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესებით;
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
გ) ახალგაზრდობის დიდ ნაწილთან უზარმაზარი კედლის აშენებით.
ჯერ კიდევ არის დრო ხელისუფლების ქმედებებში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანისთვის. აქციებზე სასტიკად ნაცემი თითოეული ადამიანის ნახვა მძიმე ასოციაციებს აჩენს 2012 წლამდე არსებულ რეალობასთან. ყველა მხარე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და არ დავუშვათ ძალადობა, რათა თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი შედეგი, რისი დადგომის რისკიც საკმაოდ მაღალია და რაზეც პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება”, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.