ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა შეჩერდეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ევროკომისიის გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ ვიზიტი, საქართველოს ევროინტეგრაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ხორციელდება.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ უდიდესი იმედი და სტიმული მისცა ქართველ ხალხს, რომელიც დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს და ამ ურთულესი გამოწვევების დროს, ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება.

„ნათელია, რუსეთი ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა შეჩერდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს და ამ არჩევნებში ახალგაზრდებისა და დიასპორის აქტიურ ჩართულობას.

„მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები, რომელზეც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა აირჩიოს საქართველოს ევროპული მომავალი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

თავის მხრივ, გერტ იან კოპმანმა განმარტა, რომ ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება დიდი საფრთხეა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის და უდავოდ შეაფერხებს ამ პროცესს.

მისივე თქმით, ივნისის თვეში ევროკავშირი გაფართოების ახალ ეტაპზე იმსჯელებს და შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციული გახდეს და არ დააზიანოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.