დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან - ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელეს.
„დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის, როგორც მათი გადამწყვეტი არჩევანისთვის, იბრძვიან. მათ აქვთ ოცნება, რაც ჩვენ მაშინ გვქონდა. იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროპულ ღირებულებებსა და ერთად ყოფნის სურვილს იზიარებენ, მხარს მტკიცედ ვუჭერთ“, - ნათქვამია ალარ კარისის, გიტანას ნაუსედასა და ედგარს რინკევიჩის ერთობლივ განცხადებაში.
როგორც ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატ ქვეყნებს მხარს დაუჭერენ.
დღეს, ევროკავშირი ე.წ. „დიდი აფეთქების“ გაფართოების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს - 2004 წლის 1 მაისს ევროკავშირს 10 სახელმწიფო შეუერთდა.