რუსმა ჯარისკაცებმა 2023 წლის დეკემბრის დასაწყისიდან, ტყვედ ჩაბარების მცდელობისას, მინიმუმ 15 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დახვრიტეს. ამის შესახებ Human Rights Watch-ი იუწყება.
საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც 2 მაისს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ყველა მსგავსი ინციდენტი განხილული უნდა იყოს როგორც სამხედრო დანაშაული.
„უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უამრავი შემზარავი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. სასამართლოს გარეშე დასჯა - ან ტყვედ ჩაბარებისას, ანდაც უკვე ტყვეობაში მყოფი დაჭრილ-დაშავებული უკრაინელი ჯარისკაცების ცივსისხლიანი დახვრეტა კატეგორიულად აკრძალულია საერთაშორისო სამართლით და ესეც მიეკუთვნება ამ სამარცხვინო მემკვიდრეობას“ - განაცხადა HRW -ს დირექტორის მოადგილემ კრიზისებისა და კონფლიქტების საკითხებში, ბელკის ვილემ.
HRW-მ მინიმუმ 12 უკრაინელი სამხედროს დახვრეტის სამი შემთხვევა გამოიძია. დრონებიდან მიღებული მასალის გაანალიზების შედეგად, რომელიც 2023 წლის 2 და 27 დეკემბერს იყო გამოქვეყნებული სოციალურ ქსელებში, ასევე 2024 წლის 25 თებერვალს, დადგინდა რომ „სამივე შემთხვევაში ჯარისკაცები აშკარად ჩაბარებას გეგმავდნენ, რადგან ისინი აღარ მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში, ითვლებოდნენ „მწყობრიდან გამოსულებად“(hors de combat), აღარ ითვლებოდნენ სამიზნეებად ომების კანონებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“, - განაცხადეს უფლებადამცველებმა.
ვიდეომასალების გაანალიზების შედეგად, სამიდან ორი ინციდენტის ლოკაცია დადგინდა, ერთის კი ვერ. მეოთხე შემთხვევა, რომელიც ორგანიზაციამ გამოიძია იმ ვიდეო ჩანაწერს ეხება, რომელიც 19 თებერვალს გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ასახავდა ორი რუსი ჯარისკაცის მიერ, ტყვედ ჩაბარებისას სამი უკრაინელი უიარაღო სამხედროს დახვრეტას.
გაეროს მისიის 2023 წლის ანგარიშში საუბარია, ომის პირველ წელს რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებისა და „ვაგნერის“ დაქირავებულების მიერ, უკრაინელების სიკვდილით დასჯის მინიმუმ 15 შემთხვევის შესახებ.
მოგვიანებით, 2023 წლის თებერვალ-ივლისის ანგარიშში, დოკუმენტურად აღწერილი იყო 6 უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის ფაქტიც.
9 აპრილს, უკრაინის გენპროკურატურის ოფისში, რუსების მიერ 54 უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯის ფაქტის შესახებ განაცხადეს.