აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, ისრაელის ლიდერებთან შეხვედრისას, „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისკენ კვლავ მოუწოდა.
ბლინკენს სურს იმის განხილვაც, თუ რამდენად შესაძლებელია იმ დახმარების მოცულობის ზრდა, რომელიც ღაზის სექტორის მოსახლეობას მიეწოდება. გაერო, პროდუქტების მწვავე უკმარისობის ფონზე, ღაზაში გარდაუვალი შიმშილობის შესახებ იუწყება.
„მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე აქტიურად ვმუშაობთ, რომელიც ტყვეებს სახლებში დააბრუნებს, ჩვენ ასევე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ხალხზე ღაზის სექტორში, რომლებიც „ჰამასის“ მიერ მოწყობილი ამ ორმხრივი ცეცხლის შედეგად დაზარალდა“, - განაცხადა ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის დაწყებამდე.
„წინადადება მაგიდაზეა და როგორც ვამბობდით, არანაირი დაგვიანება და თავის გამართლება არ იქნება. დადგა დრო, და დრო კარგა ხანია გავიდა, იმისთვის რომ მძევლები სახლებში საკუთარ ოჯახებთან დაბრუნდნენ“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
დღესვე ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრას გეგმავს. ის ასევე ეწვევა აშდოდს, - ღაზის სექტორის სიახლოვეს მდებარე პორტს, რომელიც ისრაელმა ცოტა ხნის წინ ისევ გახსნა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების მიზნით.
თავის მხრივ, „ჰამასი“ გეგმავს წინადადებაზე პასუხს, რომლის მიხედვითაც ისრაელი დროებით შეწყვეტს შეტევას და გაათავისუფლებს პალესტინელ მძევლებს იმ ტყვეების სანაცვლოდ, რომლებიც 7 ოქტომბერს ტერორისტული თავდასხმის შედეგად გაიტაცა.
გასული წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად, დაიღუპა დაახლოებით 1200 ადამიანი, 240 კი ტყვედ აიყვანეს.