ზუსტად ენჯეო ლიდერები არიან, რომლებიც ამ აქციას აძლევენ ძალადობრივ ხასიათს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, დასაფიქრებელია საელჩოებისა და დონორების დამოკიდებულება და განცხადებები.
„ვნახეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ხდებოდა შეკრება რუსთაველის გამზირზე, სწორედ „ენჯეოს“ ხელმძღვანელები მოუწოდებდნენ შეკრებილ ხალხს, ან პიკეტირება მოეხდინათ პარლამენტის, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ან გადაადგილებულიყვნენ სხვადასხვა ქუჩების მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, იწვევდა გარკვეულ ექსცესებს. შესაბამისად, „ენჯეოების“ ლიდერების მოწოდებების საფუძველზე და შედეგად ხდებოდა ხოლმე ძალადობა.
ამ კონტექსტშიც დასაფიქრებელია საელჩოების და დონორების დამოკიდებულება და განცხადებები. მათი „ენჯეოები“ სწორედაც, რომ უწევენ ინსპირირებას ძალადობას და ამ დროს ხელს აფარებენ დონორები და საელჩოები ამ „ენჯეოებს“ და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასონ ძალადობრივი ხასიათი ამ აქციებისა, ფაქტობრივად, თეთრზე შავს ამბობენ და ცდილობენ, ყალბი ნარატივი დაამკვიდრონ, თითქოს ძალადობას არ ჰქონდა ადგილი. ესეც თავისთავად აჩენს კითხვის ნიშნებს, რა მოტივაციები დგას ასეთი განცხადებების უკან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.