ბერლინში ქართველი ემიგრანტებისა და სტუდენტების აქციას, რომელიც მოძრაობა GZA-ს ორგანიზებით მიმდინარეობს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი შეუერთდა. მან ადგილზე შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა და საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
როთის თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა და დაიმსახურა ქართველმა ხალხმა და არა საქართველოს ხელისუფლებამ.
,,საქართველო არის ევროპა და თბილისი არის ევროპის დედაქალაქი. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებულები ვართ ჩვენი სოციალური სტატუსით, რელიგიური შეხედულებებით თუ სხვა რაიმე ნიშნით, მთავარია, რომ უნდა ვიყოთ ერთიანი იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ გვინდა ისეთ ევროპაში ვიცხოვროთ ყველამ ერთად, სადაც არ გვექნება შიში არავის, რომ ჩვენს მიმართ იქნება რეპრესიები ან ა.შ. სადაც იქნება სამართლიანობა და დემოკრატია და ასეთია ევროპა. ჩვენ გვინდა ისეთ ევროპაში ვიცხოვროთ, სადაც არ გვექნება შიში იმისა, რომ ერთმანეთისგან განვსხვავდებით, დიდი მადლობა რომ აქ ხართ ყველანი", - განაცხადა მან.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები რადგან ქართველ ხალხს აქვს შანსი, ხმა მისცეს და აირჩიოს პროევროპული ხელისუფლება.