კანდიდატის სტატუსის მოხსნის შანსი, ბევრი მიზეზის გამო, ნულია - როდესაც საუბარი არის ევროპარლამენტარებზე, ევროკომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ ამ ევროპარლამენტარებს, ნული ყურადღება,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას, ხედავს თუ არა რისკს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტარების გადასაწყვეტი ეს საკითხი საერთოდ არ არის.
„როდესაც ასახელებთ ევროპარლამენტის წევრებს, იგივე ევროპარლამენტის წევრები და ევროპარლამენტიც, საბოლოო ჯამში, რეზოლუციის სახით გვთხოვდა, მოითხოვდა, რომ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა და ამას ასახელებდა, როგორც წინაპირობას კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის - სააკაშვილის გათავისუფლებას. ვნახეთ, რომ სააკაშვილი არ გათავისუფლდა, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. ევროპარლამენტის იგივე დეპუტატები საქართველოსგან ითხოვდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა და ამით, ფაქტობრივად, საქართველო შეგვეყვანა სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან. ამას ითხოვდნენ და იყო წინაპირობა, რომ ევროკავშირის სანქციები გაგვეზიარებინა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოენიჭებინა ჩვენთვის. ვნახეთ, რომ სანქციები არ დაწესდა, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.
7 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 ევროპარლამენტარი ჟოზეფ ბორელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერების მოწოდებით მიმართავს.