ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს. წერილს დეპუტატი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ევროპარლამენტარები აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე არადემოკრატიულმა ქმედებებმა, კერძოდ, მათმა აგრესიულობამ უცხოური აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების კუთხით, ზღვარი გადალახა.
მათივე თქმით, ამგვარმა საქციელმა კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება ცხრა ნაბიჯს.
„მოგიწოდებთ, დაიკავოთ მტკიცე პოზიცია და მიიღოთ შემდგომი ზომები, რომლებიც გაუგზავნის მკაფიო სიგნალს საქართველოს ხელისუფლებას.
პირველი, საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ქმედება ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის ვალდებულებებს. შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში ყოველგვარი შემდგომი პროგრესის გარეშე. მეორე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება უნდა გადაიხედოს. მესამე, შემდგომი გადავადების გარეშე უნდა შეფასდეს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესრულებაში საქართველოს პროგრესი”, – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.
ბორელისადმი წერილის ხელმომწერებს შორის არიან: ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, სანდრა კლიენტე, მიხაელ გალერი და სხვები.
#MEPs call the behaviour of the Georgian authorities and the leading party Georgian Dream as
— Petras Austrevicius (@petras_petras) May 7, 2024
contrary to the obligations of an EU candidate country. Therefore MEPs request suspension of #Georgia’s candidate status without any further progress in the accession process. pic.twitter.com/9fwsq1Ur07