საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ უკვე რამდენიმე ოპოზიციური პარტია შეუერთდა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ,,ქართულ ქარტიას" უერთდებიან: პარტია ,,ახალი",,,ლელო", ,,ევროპული საქართველო", ,,დროა", ,,რესპუბლიკური პარტია", ,,გირჩი-მეტი თავისუფლება”, ,,ნაციონალური მოძრაობა" და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ამასთან დაკავშირებით განცხადებები პარტიების ლიდერებმა გააკეთეს.
,,ახალის" ლიდერი, ნიკა მელია იმედოვნებს, რომ ქარტიას მთელი ოპოზიური სპექტრი შეურთდება.
,,მინდა მჯეროდეს, რომ ქარტიას შეუერთდება მთელი ოპოზიციური სპექტრი და რამდენიმე თვეში ვეღირსებით ნამდვილად სახელმწიფოს, სადაც მოქალაქის ხმა არის გადამწყვეტი",- აცხადებს მელია.
,,ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პრეზიდენტის გზავნილებთან შეერთება ძალიან მნიშვნელოვანია.
,,ჩვენი პოლიტიკური ძალა შეუერთდება პრეზიდენტის გზავნილს - ეს ნიშნავს დემონსტრირებას, რომ განსხვავებული ხედვის ადამიანებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა, ე.ი. ქმედითი იქნება კოალიციური მთავრობის კონფიგურაცია",- ამბობს ბოკერია.
,,ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ქარტია მნიშვნელოვანია.
„ძალიან მნიშვნელოვანი ქარტიაა, ქვეყნისთვის საჭირო, მნიშვნელოვანი ვალდებულებია, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის აუცილებელი ვალდებულებია. ამიტომ, „ლელო“, რა თქმა უნდა, შეუერთდება ამ ქარტიას. მიგვაჩნია, რომ მისი შესრულება ქვეყანას ევროკავშირში აუცილებლად გააწევრიანებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება. ამასთან, აცხადებს, რომ საბოლოო კონსულტაციები უნდა გაიაროს.
,,საბოლოო კონსულტაციებს გავივლი. მე მივესალმები ერთიანობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - აღნიშნა ვაშაძემ.
,,დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, „ქართულ ქარტიაში“ მოცემულ პუნქტებს სრულად იზიარებს.
,,შემიძლია განვაცხადო, რომ ხელს ვაწერ და ვუერთდები ამ ინიციატივას - სრულიად ვიზიარებ „ქართულ ქარტიაში“ მოცემულ პუნქტებს", - განაცხადა ხოშტარიამ.
“რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, პერსპექტიულია რომ პარტიებმა პრეზიდენტის ინიციატივას ხელი მოაწერონ.
“პრეზიდენტის ინიციატივა მოულოდნელი არ ყოფილა. ბუნებრივია, პარტიები გარკვეულწილად ინფორმირებული ვიყავით იმ ჩარჩოზე, რის საფუძველზეც პრეზიდენტი სიტყვას აწყობდა. მას კონსულტაციები ჰქონდა, მაგრამ ახლა მთავარი პასუხისმგებლობა მან თავად აიღო. ძირითადად, არსებითად ვეთანხმები, ვფიქრობ, რომ პერსპექტიული არის, რომ ბევრმა პარტიამ ხელი ამ დოკუმენტს მოაწეროს”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ასევე, ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ “ქართულ ქარტიას” უერთდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც".
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისის ღონისძიებაზე საზოგადოებას „ქართული ქარტიის" ტექსტი გააცნო.