ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო“ სომხეთის მხარეს არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მუშაობა დროებით შეჩერებულია.
მათივე ცნობით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტი კოორდინირებულად მუშაობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. უწყების ინფორმაციით, ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტები სრული დატვირთვით გააგრძელებენ მუშაობას.
,,რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ,,დებედამ“ დააზიანა (საქართველოს საზღვართან 3 კილომეტრში), სომხეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე, სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი, რის გამოც, სრულად შეჩერებულია საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბაგრატაშენის“ მუშაობის პროცესი. შესაბამისად, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეწყვეტილია. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება. ორივე ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაცია მჭიდრო კომუნიკაციაში არიან ეთმანეთთან და სრულად აკონტროლებენ არსებულ ვითარებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო ტვირთბრუნვის განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილები გადამისამართებული არიან, საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე შემდეგ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,ნინოწმინდა“ და ,,გუგუთი“.
ამასთან, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი "სადახლო სარკინიგზოს" მიმდებარე ტერიტორია.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტი კოორდინირებულად მუშაობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტები - „სადახლო საავტომობილო“ და ,,სადახლო სარკინიგზო“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებენ მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.