ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სოზარ სუბარის თქმით, პრეზიდენტი მავნებელია და ცდილობს ქვეყანა დააზიანოს

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის თქმით, სახალხო დამცველმა პრაქტიკულად აღიარა, რომ კანონი არის საჭირო, მნიშვნელოვანი და მისი მიზნები არის ლეგიტიმური.

ამის შესახებ სუბარმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.

მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ სახალხო დამცველის მანდატს სცილდება, მაგრამ სიტყვით გამოსვლის დროს მას არანაირ დარღვევაზე, უფლებების შეზღუდვაზე, არ უსაუბრია.

„სახალხო დამცველმა თქვა, რომ სხვა კანონებში ცვლილებები შეიტანეთო, ანუ ეს კანონი არ მიიღოთო. პრაქტიკულად, მან აღიარა, რომ კანონი არის საჭირო, კანონი არის მნიშვნელოვანი, კანონის მიზნები არის ლეგიტიმური. რომელ კანონში შევიტანთ და როგორ, ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი“, - განაცხადა სუბარმა.

სუბარმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ  მას არგუმენტირებული შენიშვნები არ ჰქონია.

მან მავნებელი რეზიდენტი უწოდა პრეზიდენტს, რომელიც, მისივე თქმით, ცდილობს ქართული სახელმწიფო დააზიანოს.

„არგუმენტირებული შენიშვნები თქვენ (პრეზიდენტმა) ვერ გამოაგზავნეთ, რადგან ასეთი არგუმენტები ამ კანონის წინააღმდეგ უბრალოდ არ არსებობს, რაც გამოაგზავნეთ, ეს არის სამარცხვინო, როგორც იურიდიული პრაქტიკის თვალსაზრისითაც, ისე კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისითაც. იმის ნაცვლად, რომ არგუმენტებზე გელაპარაკათ, ეს ტრიბუნა თქვენ შეურაცხყოფისთვის გამოიყენეთ და უბრალოდ, შეურაცხყოფას ვერ მივიღებთ სამარცხვინო ადამიანისგან, რომელსაც ეს ოპოზიცია, რომელიც ჩვენგან მარჯვნივ ზის, წლების განმავლობაში რუსეთის მავნებელ რეზიდენტს უწოდებდა. ეს ადამიანი მავნებელ რეზიდენტად დარჩა, არ ვიცი, რომელი ქვეყნის, მაგრამ ის ცდილობს ქართული სახელმწიფო დააზიანოს და თქვენ, პიროვნულად, ნუ გაჰყვებით მას ამ მავნებლობაში და უცხო ქვეყნის მსახურებაში“, - აღნიშნა სუბარმა.

იურიდიულ კომიტეტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს, კენჭისყრა ვეტოს დასაძლევად პარლამენტში ხვალ გაიმართება.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს" ვეტო 18 მაისს დაადო.