სულ ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში და ვესაუბრე ძალიან ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, სტუდენტებს და ასევე ქალებს, რომლებიც აპირებენ, გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროპული საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, წარმოუდგენლად მტკივნეულია, რომ საქართველოს მთავრობა „აგენტების კანონით“ ბლოკავს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საკუთარი ხალხის ოცნებას.
„ასეთი ქმედებებით, საქართველოს მთავრობა ეწინააღმდეგება საკუთარ მოსახლეობას, რომელიც, როგორც ვხედავთ, ისევ და ისევ გამოდის ქუჩებში. ამ გზით მთავრობა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, დავუდასტურეთ ქართველებს მათი ევროპული პერსპექტივა და, შესაბამისად, ხელი გავუწოდეთ. მაგრამ, ცხადია, რომ ევროპულ გზაზე დადგომა შეიძლება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობას სურს ამ გზაზე ყოფნა, არამედ ამისთვის საჭიროა მთავრობაც. ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ამ კანონის ხელმოწერა, ისიც, რომ ხალხი, რომელიც ქუჩებშია გამოსული, მკაფიოდ ამბობს, რომ ეს კანონი უნდა იყოს გაწვეული, რასაც ამბობს ევროპული საბჭოც, ხაზს უსვამს, რომ ყველა აქტორს სურს, გააკეთონ ყველაფერი იმის მისაღწევად, რომ საქართველოს შეეძლოს ევროპული გზით სიარული, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ევროპული გზით სიარული, რადგანაც სხვა შემთხვევაში კმაყოფილი მხოლოდ პუტინი იქნება“, – აღნიშნა ბერბოკმა.