ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

7 ევროპული ქვეყნის პარლამენტის სპიკერი პაპუაშვილს „აგენტების კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდებს

ევროპის 7 ქვეყნის სპიკერი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს და მოუწოდებს, გაიწვიონ „აგენტების კანონი“.

წერილი ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილეტე-ნილსენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ევროპელი სპიკერები საუბრობენ საქართველოს პროგრესზე წლების განმავლობაში, თუმცა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ „აგენტების კანონის“  შინაარსი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.

„საქართველოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ჩვენთვის შემაშფოთებელია, რადგან თქვენი ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებითაც ვალდებული ხართ იხელმძღვანელოთ და რომლებიც თქვენი ევროპული მისწრაფებების საფუძველია.

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის სული და შინაარსი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებთან. არსებული კანონი ცდილობს გააჩუმოს მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ხელს უწყობენ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დასახმარებლად.

მოგიწოდებთ, გააუქმოთ ეს კანონი და ჩაერთოთ შინაარსობრივ და ინკლუზიურ დიალოგში ორგანიზებულ სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებთან. ასევე მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს ხალხის შეკრების უფლების დაცვით და შეწყვიტოთ ძალადობა და დაშინება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ“, - წერია წერილში. 

დოკუმენტს ხელს აწერენ: ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, მილოშ ვისტრჩილი, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე, მარკეტა პეკაროვა ადამოვა, ესტონეთის რესპუბლიკის რიიგიკოგუს [პარლამენტი] თავმჯდომარე, ლაური ჰუსსარი, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, იაელ ბრაუნ-პივეტი, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერი, დაიგა მიერინა, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერი, ვიქტორია ჩმილეტე-ნილსენი, ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, მარტინ ბოსმა, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი, მალგოჟატა კიდავა-ბლონსკა და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი, სიმონ ჰოლოვნია.