NATO-ს საპარლამენტო ანსაბლეა საქართველოში ,,აგენტების შესახებ" მიღებულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კანონი საქართველოს დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.
განცხადებაშია აღნიშნულია, რომ კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, უნდა გაიწვიონ. განცხადებაში ასევე წერია, რომ კანონის ხელახლა წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია დაპირება საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ.
,,ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ნატოში გაწევრიანების სწრაფვის მიმართ. ჩვენ ვაღიარეთ საქართველო კანდიდატ ქვეყნად იმ გაგებით, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის გზა, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩია და დააფიქსირა კონსტიტუციაში. თუმცა, საერთო დემოკრატიული ღირებულებები ნატოს ალიანსის საფუძველია და ამ ღირებულებების პატივისცემა აუცილებელი პირობაა ნატოში გაწევრიანებისთვის. კანონი ე.წ. "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და ეწინააღმდეგება ნატო-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს.
თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს.
კანონის ხელახლა წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია დაპირება საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. მათ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მიუღებელი ძალადობით უპასუხეს და არჩიეს უგულებელყოთ უახლოესი პარტნიორების მკაფიო და თანმიმდევრული მოწოდებები.
საქართველო გზაჯვარედინზე დგას. თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ აჩვენონ საქართველოს მზადყოფნა ნატოში გაწევრიანებისთვის მომავალში, ისინი უნდა დაბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე. ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ახლა უნდა გაიწვიონ. ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული საქართველო - ევროკავშირში და ნატოში.
მათ ეს კანონპროექტი გაბედულად გააპროტესტეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ და მათი მისწრაფებების მხარდაჭერას. ისევე, როგორც ამ შაბათ-კვირას, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან, რათა გადავცეთ ეს მტკიცე გზავნილები, მაგრამ ასევე შევთავაზოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე", - წერია განცხადებაში.