ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაკა ბოჭორიშვილის მტკიცებით, „აგენტების კანონის“ აუცილებლობას საზოგადოების დიდი უმრავლესობა აბსოლუტურად სწორად აფასებს

რთულია მოკლედ შეაფასო ყველაფერი, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში და მის გარშემო ხდება. დარწმუნებული ვარ, დრო და ისტორია ყველაფერს მიუჩენს თავის ადგილს, მაგრამ ჩავლილ ამბავზე არც ბოდიშს მოიხდის ვინმე და არც სინანული შეაწუხებთ იმ ყველაფრისთვის, რისთვისაც საქართველოს იმეტებენ დღეს შიდა თუ გარე ძალები, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მიერ არჩეულ პარლამენტის წევრებს ყველაზე უხეში ფორმებით, ღიად უშლიან ხელს გააკეთონ ის, რაც აუცილებლად მიაჩნია საქართველოს სტაბილური დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად.

„ვიცი, ეს რთული გასაგებია მათთვის, ვინც მხოლოდ სამ სიტყვაზე (არა რუსულ კანონს) აგებს მთელ პოლიტიკურ დღის წესრიგს, პროტესტს, გაბრაზებას თუ აგრესიის გამოვლენას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინც ამ სამი მაგიური სიტყვით არის შეპყრობილი, ოდნავ მაინც თუ მისცემს საკუთარ თავს დაფიქრების შესაძლებლობას, მიხვდება, რომ ის რასაც ყველაფრის ფასად ვიცავთ, არის აუცილებელი წინაპირობა სწორედ საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, ვინაიდან არც სტაბილური დემოკრატიული განვითარების და არც უსაფრთხოების გარეშე ამ ქვეყანას შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების რთული პროცესი წარმატებით გაიაროს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმ

მისივე შეფასებით, ზოგიერთ სახელმწიფოს იმდენად სწრაფად მოუწია ნატო-სა და ევროკავშირის ქოლგის ქვეშ შეფარება, რომ როგორც ჩანს, გამორჩათ, რა რთული გზა გაიარეს ქართველებმა საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის შემდეგ.

„ზოგი დღეს აქტიურად ითხოვს ევროკავშირთან ურთიერთობაში მოპოვებული მიღწევები ევროკავშირმა საქართველოზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს. ვერც ხვდებიან, რომ ამით სწორედ რუსული სტილის პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ ევროკავშირს. დღეს გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობას ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობა აბსოლუტურად სწორად აფასებს და აქედან გამომდინარე, ვერანაირი შანტაჟის თუ დაშინების მექანიზმი ვერ დაუდგება წინ საქართველოს საჭიროებებიდან გამომდინარე გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.