ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ანა ბუჩუკური უმრავლესობას: ვიტოვებ იმედს, საკუთარი შვილების სიყვარული მოგცემთ ძალას, მოღალატეობრივ აქტში მონაწილეობა არ მიიღოთ

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს მიმართა და იმედი გამოთქვა რომ თავიანთი შვილების სიყვარული მისცემთ მათ ძალას, უარი თქვან ვეტოს დაძლევაზე.

ბუჩუკურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანსაც მიმართა და უთხრა, რომ არ უნდა გაუკვირდეს შეურაცხყოფა და თავდასხმები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მოუწევთ პერსონალური პასუხისმგებლობების აღება იმ ძალიან მძიმე შედეგებზე, რა შედეგებსაც ეს კანონი ქვეყანას მოუტანს. 

ძალიან ვწუხვარ, რომ საჯარო მოხელეს გიწევთ ამ შეურაცხყოფის მოთმენა, რომელსაც თქვენკენ ისვრიან უმრავლესობის დეპუტატები და ბუნებრივია, მხარდაჭერა ქალბატონ პრეზიდენტს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და პრეზიდენტის ვეტოს. ეს ვეტო არის აბსოლუტურად გამართული, აბსოლუტურად გასაგები თავისი არგუმენტაციით და დასაბუთებით.

სამწუხაროდ, არ უნდა გაგიკვირდეთ შეურაცხყოფა და თავდასხმები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც უწევთ პერსონალური პასუხისმგებლობების აღება იმ ძალიან მძიმე შედეგებზე, რა შედეგებსაც ეს კანონი ქვეყანას მოუტანს, მოუწევთ პასუხისმგებლობის, პერსონალური პასუხისმგებლობის აღება იმ მძიმე შედეგებზე, რომელსაც ეს კანონი ქვეყანას მოუწევს. მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს იცავენ, ახლა უკვე უწოდებენ და ეძახიან მტერს. არ უნდა გაგიკვირდეთ იმ ადამიანებისგან არაფერი, რომლებსაც, ძალიან მიმძიმს მე ახლა ამის თქმა, მაგრამ, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ყველაზე ძვირფასს - საკუთარ შვილებს და საკუთარი შვილების მომავალს შეუქმნან საფრთხე და სწირავენ საკუთარ შვილებს საიმისოდ, რომ ამ ტვირთით იარონ ამ ქვეყანაში, ეს ძალიან მძიმეა... თუმცა, მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ საკუთარი შვილების სიყვარული მოგცემთ ძალას, რამდენიმე საათში ამ მოღალატეობრივ აქტში მონაწილეობა არ მიიღოთ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.