რად გიღირთ ის სკამი, რომელშიც თქვენ ახლა ზიხართ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობას, „რობოკოპების“ და კრიმინალური პოლიციის გარეშე სესია და კომიტეტის სხდომები ვერ ჩაგიტარებიათ - ამიტომ ხართ თქვენ ლეგიტიმაცია დაკარგული ხელისუფლება და ამიტომ ხართ რეჟიმი, რომელიც ამოფარებული ხართ კრიმინალურ პოლიციას და „რობოკოპებს“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ პლენარულ სხდომაზე.
„არ დარჩა ქვეყნის გარეთ არავინ - ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, სენატი, კონგრესი, ნატო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, თქვენი მოკავშირე უნგრეთის ევროკომისარიც კი, არ დარჩა არავინ საერთაშორისო ასპარეზზე და არ დარჩა არავინ ქვეყნის შიგნით, მათ შორის, თქვენი მოკავშირე ბიზნესმენები, რომლებმაც არ მოგიწოდეს და არ გითხრეს, რომ კანონი, რომლის საბოლოო მიღებასაც დღეს აპირებთ, რუსულია და არის ის, რაც საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისკენ მიაქანებს და მარტოს ტოვებს პირისპირ რუსეთთან“, - აღნიშნა წითლიძემ.
მისივე თქმით, უმრავლესობას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სჯერა.
„არც მე მაქვს იმედი, რომ რომელიმე თქვენგანს აქ გამბედაობა ეყოფა და ხმას არ მისცემს, არც იმის იმედი მაქვს, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი იმუშავებს, დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად, როგორც აქამდე, მყარად, მონურად იდექით, ასევე მონურად გადალახავთ ამ ვეტოს, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მაშინ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე თქვენ ამ ქვეყანას აკარგვინებთ ყველაზე მთავარს, თავისუფლებას, ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპული ინტეგრაციისთვის იბრძვიან, სცემთ, სახლში უვარდებით, აკავებთ, სასიკვდილოდ სცემთ მათ შორის, პოლიტიკურ ლიდერებს, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ პასუხისმგებლობა აუცილებლად დაგეკისრებათ.
მინდა მივმართო იმ ბიზნესმენებს, რომლებიც არიან უმრავლესობაში და უმრავლესობას წარმოადგენენ, რომლებსაც წლობით გაქვთ თქვენი ბიზნესი ნაშენები. თქვენ მოგმართავთ, რადგან სხვა თუ არაფერი, თქვენს ბიზნესებზე მაინც უნდა სწუხდეთ, რას გაჯერებენ? იმას გაჯერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველასთან „დაალაგებს“ და თქვენ არ შეგეხებათ სანქციები და თქვენ არ შეგეხებათ ის პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ დაგეკისრებათ იმ შემთხვევაში, როცა რუსულ კანონს ხმას მისცემთ?
ტყუილია, რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერავისთან ვერ „დაალაგებს“, ვერ „დაალაგებს“ ვერც ერთ საერთაშორისო პარტნიორთან, რადგან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იციან, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რუსული რეჟიმია, ამიტომაც ერთადერთი, რა ენითაც შეიძლება მათთან ილაპარაკონ, სანქციები და ისაა, როგორი დამოკიდებულებაც ეკადრება რეჟიმს. ვერ „დაალაგებს“ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობასთან, რომლებიც სცემა, სახლში მიუვარდა, დააკავა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსულ კანონს აპროტესტებდა. ამიტომაც, თქვენ, ბიზნესმენებმა, რომლებიც ახლა ხართ ჩუმად და მოგიწევთ ხმა მისცეთ ამ რუსულ კანონს, იცოდეთ, რომ სამარეში მიჰყვებით ბიძინა ივანიშვილს. იცოდეთ, რომ არც პაპუაშვილი და არც ერთი მათგანი, ვინც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, მითუმეტეს, არც ბიძინა ივანიშვილი არ იქნება ის, ვინც დაიცავს თქვენს ბიზნესებს და დაგიცავთ თქვენ, რადგან ეს ქვეყანა გაიმარჯვებს, თქვენ - ვერა!“ - განაცხადა ანა წითლიძემ.