Financial times-ი წერს, რომ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეეცდება „გადახედოს“ უნგრეთის როლს ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში. მთავარი წინააღმდეგობა ნატო-ს ქვეყნებსა და ორბანს შორის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.
„ჩვენი იურისტები და ოფიცრები მუშაობენ იმის გასააზრებლად, როგორ უნდა ვიარსებოთ ნატო-ს შიგნით ისე, რომ შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ დასჭირდეს მონაწილეობა ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებში“, - განაცხადა პრემიერმა 24 მაისს, უნგრეთის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში.
უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უარი თქვა კიევის სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზე, ამას გარდა, ომში მყოფ ქვეყანას არაერთგზის დაუბლოკა ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარება.
ვიქტორ ორბანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იდეას, რომ ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინელი სამხედროები უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზევე მოამზადონ.
ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლების მიერ ორბანის განცხადებებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.