ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს უცხადებს და აღარ დაესწრება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების 2024 წლის სხდომებს.
ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.
„ქართული ოცნების” მიერ მიღებული „რუსული კანონი“ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან - “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა, ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”, ეწინააღმდეგება საკუთრების და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების კონსტიტუციურ უფლებებს, კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. საქართველოს დასავლური კურსის საბოტაჟს და უკიდურესად აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო სტატუსს.
ივანიშვილის რეჟიმმა წლების განმავლობაში ნაწარმოები სიძულვილის კამპანია ფიზიკურ ანგარიშსწორებებში გადაზარდა, ამჯერად, არამარტო პოლიტიკური ოპონენტების, არამედ, სამოქალაქო აქტივისტებისა და ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის მიმართ, რომელთაც ლაჩრულად, ჯგუფურად უსწორდება. უფრო მეტიც, მორალური ტერორის ქვეშ ამყოფებს ჩვენ არასრულწლოვან შვილებს და მოხუც მშობლებს. ასევე, მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეების მიმართ, სანქცირებული მოსამართლეების მიერ მართული სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოების გამოყენებით აწარმოებენ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სადამსჯელო ღონისძიებებს.
რუსული რეჟიმი შეუძლებელს ხდის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობას საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზემოაღნიშნული გარემოებების გამო ბოიკოტს უცხადებს და აღარ დაესწრება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების 2024 წლის სხდომებს.
ფრაქცია აგრძელებს მუშაობას მუნიციპალიტეტის ინტერესების დასაცავად და ბოლომდე იბრძოლებს, რომ დედაქალაქის მოსახლეობა ინფორმირებული იყოს თბილისის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე და გვერდით დაუდგება ყველა მოქალაქეს, რომელიც ჩვენს თანადგომას საჭიროებს“,- ნათქვამია განცხადებაში.