,,ლელო" და ,,გირჩი-მეტი თავისუფლება" თბილისის საკრებულოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ.
„ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, მისი პარტიის წარმომადგენლები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან იქამდე, სანამ პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ განვითარდება.
„დღეს პირველად მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური ცხოვრება საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საკრებულოში ჩვეულებრივ რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება. „ლელოს“ სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ დღევანდელ სხდომას ვუცხადებთ ბოიკოტს და გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმში იქამდე, სანამ პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ გვიკარნახებს. ეს არის, რასაკვირველია, რთული გადაწყვეტილება, მაგრამ მაშინ, როდესაც ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალები პოლიტიკოსებს სახლებთან ხვდებიან, მაშინ, როდესაც ბავშვებს სპეცრაზმი უმოწყალოდ უსწორდება და მაშინ, როდესაც მმართველი პარტია საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა, ასევე, ჩვენ სანქციების რეჟიმის ამოქმედებას ვხედავთ, შეუძლებელია, რომ პოლიტიკური ცხოვრება ამ მოცემულობაში გაგრძელდეს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის, ცოტნე კობერიძის განცხადებით კი, ქვეყნის პროდასავლური კურსის უზრუნველყოფას თბილისის საკრებულო გაურბის.
,,საქართველოს კონსტიტუცია ყველა სახელმწიფო ორგანოს ავალდებულებს, რომ ქვეყნის პროდასავლური კურსი უზრუნველყოს, მაგრამ ამ ვალდებულებას თბილისის საკრებულო გაურბის. მიუხედავად იმისა, რომ იმ ქალაქში, რომლის საკრებულოც ეს არის და 200 000-მდე ადამიანი [აქციაზე] გამოვიდა, ეს ფაქტი საკრებულომ წაუყრუა და კომენტარი არ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს სცემენ, ქუჩაში „ბიტებით“ ხვდებიან, საკრებულოში ყველა დეპუტატი ჩუმად არის და ხმა არავის ამოუღია. ჩვენთვის ეს სიჩუმე არის იმ გედის სიმღერა, რომელიც ახლა „ქოცებს“ აქვთ, ამიტომ იყვნენ ახლა მარტო, სხდომები ჩაატარონ და ერთმანეთის სიჩუმეს უსმინონ, იმიტომ, რომ მათ ხმის ამოსაღები არაფერი დარჩათ“, - განაცხადა კობერიძემ.
,,ლელო" საქართველოს პარლამენტის მუშაობასაც ბოიკოტს უცხადებს.