„ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ქვეყანაში კრიზისს გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაბამისი უწყებები მუშაობენ, ქვეყანა მოქმედებს და სახელმწიფო კრიზისში არ არის.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში ერთადერთი პრობლემა საღამოს საათებში რუსთაველის ქუჩის გადაკეტვაა და როცა კანონი შევა ძალაში, ის „უსამშობლოებიც“ გაჩერდებიან, ვინც ეს ახალგაზრდები შეიყვანეს შეცდომაში და არსებული პრობლემებიც მოგვარდება.
„სახელმწიფო უწყებები მუშაობენ, ერთადერთი, რუსთაველის ქუჩა საღამოს შვიდი საათის შემდეგ გარკვეულ ჯგუფებს აქვთ გადაკეტილი. დანარჩენი, ქვეყანა მოქმედებს, მუშაობს, ბიუჯეტი მუშაობს, გადასახადებს ვიხდით, პენსიებს ვარიგებთ და სახელმწიფო კრიზისში არ არის. ეს იმათ უნდათ რომ კრიზისში შეიყვანონ ქვეყანა, ვინც შეცდომაში შეიყვანა ეს ახალგაზრდები.
ამის მოგვარება შეიძლება ერთი რამით - კანონი შევა ძალაში და ის, ვინც აფინანსებს ამ რევოლუციურ მოწოდებებს, ანტიქართულ რიტორიკას, ეკლესიის და მართლმადიდებლების წინააღმდეგ გამოსვლებს, ლგბტ პროპაგანდას, ამ კანონის დამსახურებით გახდება გამჭვირვალე და ღია და დონორები თავს შეიკავებენ, არ დააფინანსებენ მათ. ამის შემდეგ უკვე ის უსამშობლოებიც გაჩერდებიან“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ირაკლი ზარქუა: უწყებები მუშაობენ, ქვეყანა მოქმედებს და სახელმწიფო კრიზისში არ არის
