პარლამენტი, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში, პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს.
ამასთან, სრულად იზიარებს „საგადასახადო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
19 აპრილს „ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა საგადასახადო კოდექსში ცვლილება, რომლითაც ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება.
პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონის პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.