ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დავით მათიკაშვილი: ვერანაირი რეფერენდუმი არ და ვერ ჩატარდება, ეს კარგად უნდა ესმოდეს ფიქტიურ პრეზიდენტს

ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უკვე განსაზღვრულია, ამ კუთხით ვერანაირი რეფერენდუმი ქვეყანაში, ცხადია, არ და ვერ ჩატარდება, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.

მათიკაშვილის თქმით, პრეზიდენტი რეალობას აცდენილია.

„სალომე ზურაბიშვილი იმდენად აცდენილია რეალობას, მის სტატუსს, რას ნიშნავს იყო ქვეყნის ზეპარტიული პრეზიდენტი, სიყვარულს და დამოკიდებულებას იმ ქვეყნისადმი, რომლის ფაქტობრივი პრეზიდენტი, სამწუხაროდ, ის არის, რომ მისგან მოულოდნელი არაფერია. ნაცვლად იმისა, რომ მას ვეტო კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნებისთვის გამოეყენებინა, რაზედაც მას, გარდა ჩვენი პრემიერისა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოუწოდებდნენ. მან ვეტოს დადება საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთვის გამოიყენა, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა რადიკალმა ოპოზიციონერმა. ის, რაც ქვეყნის კონსტიტუციაში მყარად არის ჩაწერილი, 78-ე მუხლის შესაბამისად, ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტო ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირში. ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უკვე განსაზღვრულია, ამ კუთხით ვერანაირი რეფერენდუმი ქვეყანაში, ცხადია, არ და ვერ ჩატარდება. ეს კარგად უნდა ესმოდეს ქვეყნის ფიქტიურ პრეზიდენტს და არა პარტიული საქმიანობისთვის იყოს მომართული და არჩევნებისკენ იყურებოდეს, არამედ იმ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდეს, რასაც ქვეყნის ზეპარტიული პრეზიდენტობა ჰქვია”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს. მისი განმარტებით, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას – ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა.