„ერთობით ვერთიანდებით, რათა ერთად ვუთხრათ არა - რუსულ კანონს”-ბათუმში, პროევროპული აქცია გაიმართება, რომელსაც ორგანიზებას “საორსა” გაუწევს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია 11 მაისს, 18:00 საათზე ბათუმის ცენტრალურ პარკშია დაგეგმილი.
„ნურის ტბის ირგვლივ ერთად შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, ერთად გავაზიაროთ ევროპული მომავლის შესაძლებლობები. გელოდებით -დროა ჩვენი გაერთიანების: ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის, ჯანმრთელობისთვის და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და ერთმანეთის მხარდაჭერა“, – წერია საორსას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ 9 მაისს აქციაა დაგეგმილი ზუგდიდში, 10 მაისს კი მოქალაქეები ბათუმში შეიკრიბებიან.
რაც შეეხება თბილისს, 11 მაისს, ევროპის დღეს, დედაქალაქში მასშტაბური მსვლელობა მოეწყობა, ხოლო 12 მაისს „გავათენოთ საქართველოსთვის“ - ამ ლოზუნგით მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან.
ავტორი: სულხან მესხიძე