ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თელავში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქცია იმართება

თელავში, ერეკლე მეორის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ორგანიზატორის, მარიამ ყარალაშვილის განცხადებით, აქციის ჩატარების იდეა ერთი კვირის წინ გაჩნდა, თუმცა მალევე იმდენად ძლიერი მუხტი წამოვიდა, მათ გარშემო მყოფი ადამიანების მხრიდან, რომ უფროსები, სტუდენტები და მასწავლებლებიც შემოიერთეს და შეკრებამ მასშტაბური ხასიათი მიიღო.

აქციაზე გაჟღერდა ადგილობრივი მუსიკოსების სიმღერები, რომლებიც მიმდინარე მოვლენების ფონზე შეიქმნა. თელაველმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა,  გიორგი ბეჟანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას შეკრებილებს მიმართა. მისი თქმით, ეს კანონი არის რუსული სულისკვეთების და მისი ამოქმედება შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას.

საპროტესტო აქციას შეუერთდნენ გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტისა და სიღნაღის მცხოვრებლებიც. აქციის მონაწილეების მხრიდან ასევე დაგეგმილია საპროტესტო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქციების კვირეულის ფარგლებში, 8 მაისს, აქციები გაიმართება გორში, ქუთაისსა და ბორჯომში.

9 მაისს აქცია დაგეგმილია ზუგდიდში, 10 მაისს კი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მოქალაქეები ბათუმში შეიკრიბებიან.

რაც შეეხება თბილისს, 11 მაისს, ევროპის დღეს, დედაქალაქში მასშტაბური მსვლელობაა დაგეგმილი.

ავტორი: ტასო მოდებაძე