ხელისუფლების გადაწყვეტილება რუსულ კანონზე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე... იძულებული ვართ შევწყვიტოთ თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან, ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ფონდი „ფეა თრიიზი" აცხადებს. შესაბამისი წერილი მათ ონის მუნიციპალიტეტის მერს უკვე გაუგზავნეს.
ფონდი მწუხარებას გამოთქვამს შექმნილი ვითარების გამო და იმედოვნებს, რომ მალე დაბრუნდება ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის მიმართ კეთილგანწყობილი საკანონმდებლო ბაზა და კვლავ გააგრძელებენ პროექტების განხორციელებას.
„28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონზე „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე. სამწუხაროდ, იძულებული ვართ შევწყვიტოთ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით.
პროექტზე მუშაობის დაწყება შესაძლებელი გახდა ონის მოსახლეობის დიდი თხოვნის და აქტიური ჩართულობის შედეგად. ვგრძნობთ რა ანგარიშვალდებულებას ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, გიზიარებთ ონის მერიისთვის გადაგზავნილ წერილს, რომელშიც ახსნილია გადაწყვეტილების მიღების მიზეზები.
ვიმედოვნებთ, ქვეყანაში მალე დაბრუნდება არასამთავრობო სექტორის მიმართ კეთილგანწყობილი საკანონმდებლო ბაზა და შესაძლებლობა მოგვეცემა განვაგრძოთ საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი პროექტების განხორციელება.
დაზუსტება: ინფორმაცია ეხება ქ.ონში დაგეგმილი ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას და არა ქ.ამბროლაურში არსებულ, უკვე ფუნქციონირებად, ჩვენი ფონდის კლინიკას“, - წერია განცხადებაში.