გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი DW წერს, რომ ევროპის ქვეყნები იძულებული არიან გაზარდონ გადასახადები, აიღონ ვალები და შეამცირონ საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, რათა თავდაცვის ხარჯები დაფარონ. 2024 წელს ევროპული ქვეყნები ამ მიმართულებით 380 მილიარდ დოლარს დახარჯავენ.
2024 წელს დიდი მატება იყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხარჯებშიც, რამაც 886 მილიარდს მიაღწია. 2022 წლის შემდეგ ის უკვე 8%-ით არის მომატებული.
იმის ხაზგასასმელად, თუ რამხელა გავლენა იქონია უკრაინაში მიმდინარე ომმა არათუ კონტინენტზე, არამედ მთელ მსოფლიოზე, სტატიაში მოყვანილია კონკრეტული სტატისტიკა: 2023 წელს მსოფლიომ 2.25 ტრილიონი ევრო დახარჯა თავდაცვის სფეროში, რაც 2022 წლის მონაცემებზე 7%-ით მეტია. შედეგად გამოდის, რომ სამხედრო ხარჯები მსოფლიოში ცივი ომის დასრულების შემდგომ ყველაზე მაღალია - ერთ ადამიანზე ის 306 დოლარს უტოლდება.