ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ანრი ოხანაშვილი ფონდ „ფეა თრიიზზე“: ეს დეზინფორმაციაა, რაზედაც სახელმწიფოს რეაქცია ექნება

უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ფონდ „ფეა თრიიზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონს არავითარი უარყოფითი გავლენა არ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, მითუმეტეს, როცა ეს ჯანდაცვას ეხება.

ოხანაშვილის თქმით, „აგენტების კანონი“ რომ უკუშედეგს იწვევს, დეზინფორმაციაა, რაზედაც სახელმწიფოს რეაქცია ექნება.

„კანონს უარყოფითი შედეგი ექნებაო, ეს არის სიყალბე. ჩვენი არაერთი მოქალაქე ქვეყნისთვის კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და კარგ საქმეს აკეთებს. როგორც ჩანს, უშუალო წნეხი და ზეწოლაა ამ თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, ამას სახელმწიფო ყურადღებას მიაქცევს და ამაზე ექნება რეაგირება. არავის ეგონოს, რომ ვინმეს უყურადღებოდ დავტოვებთ, როცა შეიძლება მათთან მიმართებაში ზეწოლა და შანტაჟი განხორციელდეს და ვინმე დაემუქროს, რომ რაღაც პროგრამას დაუხურავენ და ა.შ. ეს სწორი დამოკიდებულება არ იქნება. კანონს არავითარი უარყოფითი გავლენა არ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, მითუმეტეს, როცა ეს ჯანდაცვას ეხება. კანონით ნებადართული არ არის ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხება. როგორ შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ თურმე კანონი უკუშედეგს იწვევს. ეს არის დეზინფორმაცია და ამაზე სახელმწიფოს რეაქცია ექნება”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გუშინ, ფონდმა „ფეა თრიიზ" განცხადება გაავრცელა და „აგენტების კანონის“ გამო, ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნაზე უარი თქვა. ფონდის განმარტებით, ხელისუფლების გადაწყვეტილება „რუსულ კანონზე“ უარყოფითად აისახა მათი ფონდის მუშაობაზე, თუმცა იმედი გამოთქვეს, რომ მალე დაბრუნდება ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის მიმართ კეთილგანწყობილი საკანონმდებლო ბაზა და კვლავ გააგრძელებენ პროექტების განხორციელებას.