ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„ტაბულას“ რედაქტორი: რუსულ კანონს არ დავემორჩილებით, შევიცვლით დომეინს და რეგისტრაციას 

„ტაბულას“ მთვარი რედაქტორი, ლევან სუთიძე აცხადებს, რომ „ტაბულა“ არ აპირებს დაემორჩილოს „აგენტების კანონს“ და არც დაემორჩილება, შემდეგში როგორც არ უნდა დამძიმდეს პოლიტიკური კლიმატი - რაც მოსალოდნელია.

როგორც მან TV 24- თან ინტერვიუში განაცხადა, ისინი ყველა ხერხს გამოიყენებენ იმისთვის, რომ „რუსული ხელი ვერ მისწვდეს თავისუფალ და პროფესიონალ მედიას“.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ხერხს იმისთვის, რომ რუსული ხელი ვერ მისწვდეს თავისუფალ და პროფესიონალ მედიას, რისი სურვილიც მათ აქვთ. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, მათ შორის, იქნება დომეინის შეცვლა, ჰოსტინგის შეცვლა, ჯერჯერობით, ეს შესაძლებლობა არის იურიდიული. უბრალოდ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ტაბულა რჩება ქართულ მედიად, მაგრამ იმისთვის რომ ასე დარჩეს, საჭიროა გარკვეული მოდიფიკაციები, იქნება ეს ევროპაში დარეგისტრირება, თუ დომეინის შეცვლა, ეს ბუნებრივია გარკვეულ დისკომფორტს შექმნის მკითხველისთვის, სანამ მიეჩვევა ახალ დომეინს, რომელიც უკვე შერჩეული გვაქვს და მალე გამოვაცხადებთ“,- განაცხადა სუთიძემ.

მისივე თქმით, „ტაბულას“ თითოეული თანამშრომლის მამოძრავებელი პროფესიული ძალა ემსახურება არა ნახევარ საქართველოს და ნახევარ სიმართლეს, არამედ მთელ საქართველოს და მთელი სიმართლის დაცვას.

„უბრალოდ მთავარი და მნიშვნელოვანი არის, გვესმოდეს, რომ ამ პროფესიონალიზმს, რომლის მოკვლაც განიზრახა ხელისუფლებამ, არ აქვს ალტერნატივა. ჩვენი პრინციპები და ღირებულებები 14 წლის წინ რომ ვწერდით, იმისთვის არ დაგვიწერია, რომ საიტის კუთხეში აღმოჩენილიყო, ეს არის ტაბულას თითოეული თანამშრომლის მამოძრავებელი პროფესიული ძალა და ეს ძალა ემსახურება არა ნახევარ საქართველოს და ნახევარ სიმართლეს, არამედ მთელ საქართველოს და მთელი სიმართლის დაცვას. პროფესიონალიზმი არის უნივერსალური ვალუტა, რომელიც მიმოქცევაშია საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფში, ჩვენ ვაკვირდებოდით, რომ კრიზისების დროს პროფესიული მედიის რეიტინგი და ინგეიჯმენთი იზრდებოდა დისპროპორციულად, ანუ მაღალი რეიტინგი გვქონდა, რადგან ხალხს ბეზრდება შოუს ყურება და უნდა, რომ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია მიიღოს. ბუნებრივია, ეს საშიშია ხელისუფლებისთვის, რადგან ის ცდილობს სანდო და ავტორიტეტული ძალის განადგურებას. ეს ისე არ უნდა გავიგო,  რომ თვითგლორიფიკაციით ვართ დაკავებული ან ჩვენ, ან არასამთავრობო ორგანიზაციები, რუსულ კანონთან წინააღმდეგობა არ ნიშნავს არასამთავრობო სექტორის უბიწოების დოგმატს, ეს გულისხმობს იმ ნორმალურობის შენარჩუნებისთვის ბრძოლას, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. თუ დემოკრატია არ გვექნება, არ იქნება მედია. მედია არსებობს მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არადემოკრატიულ საზოგადოებაში მედიას ქვია პროპაგანდა“,- ამბობს სუთიძე.