ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჩინეთის ელჩი: მჯერა, ანაკლიის პროექტი იქნება გარდამტეხი მომენტი ჩვენი თანამშრომლობისთვის

ჩინეთის ელჩის განცხადებით, ანაკლიის პროექტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გარდამტეხი მომენტი იქნება. ელჩის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

"China Communications Construction Company Limited არის Fortune 500-ის სიაში შემავალ კომპანიებს შორის. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი უძლიერესი სამშენებლო კომპანია მსოფლიოში. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რომ ამ ჯგუფის მიმართ არ არის სანქციები. თუ შეხედავთ დეზინფორმაციას ჩინური კომპანიის შესახებ, რომელსაც ავრცელებენ ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები, ნახავთ, რატომ ვრცელდება ასეთი დეზინფორმაცია. თუ გაიხსენებთ რამდენიმე წლის წინ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პირველი ტენდერს და რა მოხდა მაშინ, მიხვდებით, რატომ ვრცელდება კვლავ ასეთი დეზინფორმაცია", – აღნიშნა ელჩმა, ჭოუ ციენმა.

მისივე თქმით, „ჩინეთი ელოდება დადებით შედეგს და სჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ ერთობლივი წამოწყება, არამედ ასევე აჩვენებს საქართველოსა და ჩინეთის სინერგიის მნიშვნელობას „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისთვის და შუა დერეფნისთვის“.

„ის ასევე აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ერთმანეთის მხარდასაჭერად. ეს არ არის ჩინეთისა და საქართველოს პირველი ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტი, თუმცა მე მჯერა, რომ ეს იქნება გარდამტეხი მომენტი ჩვენი თანამშრომლობისთვის „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისა და შუა დერეფნის ფარგლებში“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა. დავითაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ორ, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშრებით წინადადებები 2024 წლის 20 მაისამდე უნდა წარედგინათ, რაც მისი თქმით, მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა განახორციელა.