„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ნიკა ობოლაძე ,,ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას ეხმიანება. ობოლაძის განცხადებით, ბელარუსიზაციის მოხდენის მცდელობა საქართველოში არ გამოუვათ.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის პროტესტის ლოგიკური შედეგი იქნება ის, რომ საქართველოს აღარ ეყოლება რუსული ხელისუფლება.
„ჯერ ერთი ეს ხალხი კანონის განხილვისას გამოდიოდა და ამბობდა, რომ სიტყვა აგენტი არის ნეიტრალური სიტყვა და მერე რა მოხდა თუ კანონში წერია და კარგ საქმესაც აკეთებენ გავლენის აგენტები. ახლა მიიღეს კანონი და ბლანკეტურად, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იყენებენ ამ სიტყვას და ამბობენ, რომ ყველა აგენტები და დასაკავებლები არიან. ეს არის ბელარუსიზაციის მოხდენის მცდელობა საქართველოში, რაც არ გამოუვათ და როდესაც არ გამოსდით, ასე ყვირიან, ასე იმუქრებიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის პროტესტი არ გაჩერდება, ეს პროტესტი გაგრძელდება და რამდენიმე კვირაში თუ რამდენიმე თვეში მივალთ ლოგიკურ შედეგამდე და საქართველოს აღარ ეყოლება რუსული ხელისუფლება", - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს. მისივე თქმით, მათი დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტზე მძიმედ აისახება.